Friday, December 6, 2013

მანანა თუმანიშვილი

 მხატვარი - გრაფიკოსი ქალბატონი მანანა

 თუმანიშვილი დიდი სიხარულით და სიამოვნებით
 დაგვეთანხმა ესაუბრა ჩვენთან მხატვარ თამაზ ხუციშვილზე.
ისინი ბავშვობიდანვე ოჯახებით იცნობენ ერთმანეთს. სტუდენტობის წლებიც ერთად აქვთ გატარებული სამხატვრო აკადემიაში და მას შემდეგ მთელი ცხოვრება ერთად მოდიან. Bბატონი თამაზი ქალბატონ მანანას ქალიშვილის ნათლიაა.
   ცხადია ასეთ ახლობელ ადამიანებს დიდი დრო აქვთ გვერდიგვერდ გატარებული და მოსაგონებელიც მრავალი ექნებათ.
ქალბატონი მანანა სიტყვაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩდა და მეგობრის შესახებ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.
   - თაზო ბრწყინვალე მხატვარი,ნიჭიერი და საოცრად არტისტული პიროვნებაა. მშვენიერი კომპოზიციები აქვს, შიშველი ფიგურები, პორტრეტები. ყოველ მათგანში დაჭერილია ადამიანის ხასიათი, შექმნილი აქვს თბილისის პეიზაჟები, ფანტაზიები სიურეალისტურ ჟანრში. საოცრად სწრაფი ხელი აქვს, ჩქარა ხატავს, ერთ ამოსუნთქვაზე ქმნის სურათს. შეუდარებელია მისი მხატვრობის კოლორიტი _ საოცარი სადაფისფერი, მოვერცხლისფრო გამა, თითქოს ციმციმებს მისი ფერწერა. მეც ბევრჯერ ვყავარ დახატული. ჩემში ის აღმოსავლელ ქალს ხედავდა, დამახურავდა თავზე რაღაცეებს და ისე მხატავდა.
   თაზო საინტერესოა ასევე, როგორც ბავშვების მხატვარი. იგი აფორმებდა ჟურნალ “დილას”. Gდახატა საბავშვო წიგნები: “ბაბაჯანას ქოშები”, “გვრიტი” და ”ნაცარქექია”. მუშაობდა როგორც დეკორატორი. მინიატურების თეატრში მოხატა ფარადა. ძალიან ლამაზი გამოვიდა. მიშა თუმანიშვილის თეატრისთვისაც შექმნა რაღაც თემა. აქვს გარაფიკული ნამუშევრები. თამაზს კარგი მეხსიერება და ფანტაზია გააჩნია. რომ უთხრათ თვითმფრინავი დამიხატეო, უცებ დახატავს, ყოველ დეტალს გაიხსენებს, ჭანჭიკიც არ დაავიწყდება. თაზო ჩინეთში მიიპატიჟეს, ხატვას ასწავლიდა იქ. საოცრად არ მოსწონდა იქაური კომუნისტური, უფერული გარემო, მაგრამ ჩინურმა კულტურამ აღაფრთოვანა და გავლენა იქონია მასზე. თვითონაც დგამდა კაბურას სტილში თეატრებს.
  ერთხელ ლენინგრადში, ახლანდელ პეტერბურგში, გაუშვეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მაგრამ იმათ რა უნდა ესწავლებიათ თაზოსთვის, იქეთ ასწავლიდა ყველა. ოთხი თვით იყო სამშობლოს მოწყვეტილი, თანაც ზამთრის თვეებში. გვიამბობდა პეტერბურგში ცხოვრების დროს განცდილი დეპრესიების შესახებ: დოსტოევსკის სუნი, სადარბაზოები, აივნები, ქუჩები, დათრგუნული სახეები. P
  პეტერბურგიდან არაჩვეულებრივ წერილებს გვწერდა მეგობრებს. Mმისი ნაწერები ნოველებს ჰგავს, მხატვრულ ჩანახატებს. ერთხელ სიზმარი ნახა და მომწერა:
  “ვითომ ჩვენი კამპანია ვიღაცის, კაი კაცის სახლში ვქეიფობდით – სოფელში. სუფრაზე იყო მოხარშული შაშხი, მუჟუჟი, ცხელი ჭადები, პრასი-ლობიო, ჭყინტი ყველი, ცოცხალი თევზი თეთრი თვალებით, იქვე ეზოში თოვლზე გიზგიზებდა კოცონი. ძედ სპილენძის მოკალულ ქვაბში ბურვაკი იხარშებოდა, სუკების მწვადს წალამზე წვავდნენ, პატარა ბიჭს სახელად მურთაზიეს ყოველ 15 წუთში
გიშერივით შავი ღვინო მოჰქონდა მარნიდან და ყოველ ამოსვლაზე ხის აივანზე თოვლს იბერტყავდა და ფეხებს აბაკუნებდა. გააღებს კარებს და შემოიტანს 3 დოქ ღვინოს თან ზამთრის კვამლის და ტყის სუნი შემოდიოდა.
ირაკლიე სუფრის თავში იჯდა და მასპინძლის ლამაზი ტყაპუჭი ეცვა, ყველა ვმხიარულობდით, გიტარაზე ზოიძე უკრავდა ძველ რომანსებს და თან ცოტას სვამდა, მე და შენ სუფრა ავიკელით – მასპინძლები თვალებში შემოგვციცინებდნენ და გვეხვეწებოდნენ: “ხვალ აბაშიძეებთან რომ ხართ დაპატიჟებული ზეგიზა გადავატანინებ და ხვალაც აქანა ისიამოვნეთო!”
ცხელი ხაჭაპური თითებს მწვავდა. სუფრის გარშემო პატარა ანგელოზებივით ბავშვები დარბოდნენ და თებშებს, საინებს გვიცვლიდნენ. Mმეორე, მესამე და მეოთხე გრილ ოთახებში კი უშველებელი ქათქათა თეთრი კაიქვეშაგებით ლოგინები გველოდებოდა. ბოლოს ისე დავჭექეთ სუფრული, რომ კიდევაც გამომეღვიძა.”
   ეს წერილი იმიტომ მომაგონდა, რომ მინდა იცოდეთ როგორი კარგი ფანტაზია და წარმოსახვა აქვს თაზოს. მასთან ურთიერთობაში მდიდრდება ადამიანი, არაჩვეულებრივი იუმორი გააჩნია, ყოველთვის კურიოზებს მიწყობდა.
   ერთხელ ელდერ შენგელაიამ ფილმში გადაიღო “პრეს ინფორმაცია”. თვითონ ფილმი არც ისე კარგი გამოვიდა, მაგრამ თაზომ ძალიან საინტერესოდ შეასრულა პოლიციელის როლი. სხვა ფილმებშიც აქვს მიღებული მონაწილეობა. იმ პერიოდში როცა კინოში იღებდნენ, მოვიდა ჩემთან და მითხრა: - ელდარს როლისთვის კოლორიტული მედუქნე ქალის სახე სჭირდება და მე შევთავაზე, მანანა თუმანიშვილს ვუთხრათთქო.
    თაზომ იცოდა, რომ მე მსახიობობა მინდოდა და ამ წინადადებაზე მაშინვე დავთანხმდებოდი. Mმეორე დღესვე მომიტანა ფურცლებზე დაწერილი ტექსტი. დავიწყე სწავლა, დაზეპირება. Oოჯახის წევრები სულ გადავრიე, დავდიოდი და როლს ვიზუთხავდი. თაზო მოდიოდა და ჩემს ნაშრომს იბარებდა. ერთხელაც მოვიდა და მითხრა: - ელდარმა შენი როლი ამოაგდოო ფილმიდანო. – ძალიან მეწყინა. ცოტა ხნის შემდეგ ელდერ შენგელაიას შევხვდი და ვკითხე: - რას მერჩოდი, რომ ნასწავლი როლი გამიუქმეთქო?- იმან გაიკვირვა, - მსგავსი არაფერი ყოფილაო. - თურმე თაზო გამხუმრებია ასეთნაირად.
   თაზო არნახული ფანტაზიორია. სულ ტყუილებს ყვებოდა, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებივით ხატავდა ამ ტყუილს.
 Kიგი კარგად ცურავს, კალათბურთზეც დადიოდა. ერთხელ აუზის შესახებ ასეთი ამბავი გვიამბო: ვითომ სიმაღლიდან სახტომ ანძაზე ავიდა ეს ასოცდაათკილოგრამიანი კაცი და იქედან ჩაეშვა წყალში, წყალი ადიდდა და გადმოვიდა, რომ გამოცურა და აუზიდან ამოვიდა, დაინახა, რომ პატარა იაპონელები შემოვიდნენ, მის დანახვაზე გარს შემოეხვივნენ, ტრიალებდნენ ფეხებზე ხელს უსვამდნენ და რაღაცას ბურტყუნებდნენ. - თურმე ბუდა ვეგონეო.
   ერთხელაც სამხატვრო აკადემიაში ბატონ აპოლონ ქუთათელაძეს გახუმრებია: ძალიან თეთრი თმა გაქვთ და გაბერებთო. ახლა კაცები თავზე ლილას გადაივლებენ და ბოლისფერი თმა უხდებათ, თქვენც ცადეთ მოგიხდებათო.
  Aაპოლონ ქუთათელაძე მოდის მიმდევარი კაცი იყო, თავს უვლიდა და ეს რჩევაც გაითვალისწინა. ერთხელაც მივიდა თაზო აკადემიაში და უთხრეს ბატონი აპოლონი გიბარებსო. გაგანია სიცხე იყო, აპოლონ ქუთათელაძე ქუდით დახვდა, უყურებს თაზო და ხედავს რომ ბატონ აპოლონს ოფლთან ერთად ლურჯი საღებავი ჩამოსდის სახეზე. Mმოიხადა ქუდი და დაანახა ლილა გადავლებული თმები, ლურჯი ცოცხივით რომ ჰქონდა თავზე.
  Eეს ამბავიც მისი ფანტაზიის ნაყოფია ცოცხლად დახატული.
თამაზ ხუციშვილი ზღაპრული თამადაა, უყვარს სმა-ჭამა, კარგი მომყოლია,მომღერალი,მიუხედავად იმსა რომ დიდი წონა აქვს საოსრად პლასტიკურია, დარბის, ცეკვავს. სუფრაზე ყოველთვის თან აქვს ფურცელი და ფანქარი და ჩანახატებს აკეთებს, კარიკატურულ ფიგურებს ქმნის.
  საოცრად აკურატული კაცია,სახელოსნოში სულ წესრიგი აქვს, პალიტრა ყოველთვის გაკრიალებული, ნივთები ლამაზად დალაგებული. არაჩვეულებრივი ადამიანი და შვილია, როცა დედამისი ლოგინად ჩავარდა, არავის აკარებდა, თვითონ უვლიდა და თავს ევლებოდა მას.      

    

No comments:

Post a Comment